თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს სისხლის სამართლის საქმის განხილვას ჯგუფური ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან და ამავე ინციდენტში ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით სამი ბრალდებულის მიმართ, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამ დროისთვის დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა მხოლოდ დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა, რომელიც ამტკიცებს, რომ „ჩიქოვანს ჩადენილი აქვს არა ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, არამედ ეს არის ინდივიდუალური სახის ძალადობა ამ პირის მიერ.“
„თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს სისხლის სამართლის საქმის განხილვას ჯგუფური ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან და ამავე ინციდენტში ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით სამი ბრალდებულის მიმართ. დღეს სასამართლო პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, დასკვნითი სიტყვის შემდეგ წარმოდგენილი იქნება მხარეთა რეპლიკები. ასევე, სასამართლო გაივლის ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს, რის შემდეგაც გამოცხადდება განაჩენი. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, სამივე ბრალდებული უარყოფს დანაშაულში მონაწილეობას.
რაც შეეხება პირველ ადვოკატს, ეს არის დემეტრე ჩიქოვანის დამცველი, რომელმაც ისაუბრა უკვე თავის დასკვნით სიტყვაში რიგ გარემოებებზე. დაცვის მხარის ეს ნაწილი დავობს კონკრეტულად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ანუ ისინი ცდილობენ ამტკიცონ, რომ მათ დასაცავს ჩადენილი აქვს არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, არამედ ძალადობა, რაც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ანუ დავობს კვალიფიკაციის ნაწილზე.
დაცვის მხარის ეს კონკრეტული ნაწილი არ ეხება გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის მომზადების ნაწილს. ამ კუთხით დემეტრე ჩიქოვანის ბრალდების ეს ნაწილი გამოყოფილია ცალკე სისხლის სამართლის საქმედ და ცალკე იხილავს მას სასამართლო სხვა შემადგენლობით. დღეს დემეტრე ჩიქოვანის ნაწილში მხოლოდ ჯგუფური ძალადობის საკითხი განიხილება დიღმის ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ასევე ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ საბოლოო სიტყვა წარმოთქვან.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.
