აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგივი საქართველოდან გააძევეს.
“აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა”, – აცხადებს შსს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა. სადიგოვი პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე დააკავა.
ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან“. მისივე ცნობით, ისინი მოსამართლეს სთხოვდნენ მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რასაც მანამდეც ითხოვდნენ:
„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა… ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგონებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო.
