საქართველოს საპატრიარქოში, სინოდის სხდომა დასრულდა. დღევანდელი სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათი გაგრძელდა.
მეუფე ილარიონის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი შეთანხმდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა, აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებით მსჯელობა კიდევ მოუწევთ.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ მოხდება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“ – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება.
“შემდეგი სინოდის სხდომა გაიმართება 24 აპრილს… ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება არ არი მარტივი პროცესი ხო? გვესმის, რომ იქ ხმები უნდა დაითვალოს, მითუმეტეს გაფართოებულ სხდომაზე, ბევრი დელეგატები იქნებიან და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი და არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე.
განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც ასეთი განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა… არ გამოიკვეთა ვთქვათ როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არა უმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული. შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც 3 კანდიდატი იქნება გამორჩეული მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა” – თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.
