პატიმრების მიმართ უთანასწორო მოპყრობაა, როცა ერთ პატიმარს იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს მის მიმართ აქვს სიმპათია, მოეპყრო სხვანაირად და დანარჩენ პატიმრებს, რომელთა მიმართაც ეს კონკრეტული უცხოელები ყურადღებას არ იჩენენ, სხვანაირად მოეპყრო – დისკრიმინაცია იქნებოდა. სავარაუდოდ, კომისიამ ამ მოტივებითაც იხელმძღვანელა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, მზია ამაღლობელი ბრიუსელის პირადი პატიმარია.
„ამაში ბრიუსელი და უცხოელები არიან დამნაშავე. ბრიუსელია დამნაშავე, რადგან მათ შორის ჩემი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ძალადობის ნორმალიზებას ახდენდნენ, როგორც პოლიტიკური იარაღის ნორმალიზებას. ბრიუსელში კოლექტიურად ევროკავშირს ვგულისხმობ. ევროკავშირის ელჩს არცერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენებაზე. სწორედ არდაგმობა იწვევს წახალისებას. ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, სწორედ იმის დამსახურება და ბრალია, რომ ასეთი ძალადობა საკუთარი სიჩუმით წაახალისეს. სხვათა შორის, რატიანის მხრიდან მეორე ასეთი აქტი ვნახეთ, რაზეც ბრიუსელის წარმომადგენლებთან საუბარი მქონდა. იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ძალადობა ერთი სიტყვით არ დაგმეს და გაჩუმდნენ, რატიანის მხრიდან იგივე სახის ძალადობის გამეორება ამან გამოიწვია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურორებმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს.
„სწორედ იმის გამო, რომ სასამართლოზე რევიზორებად ისხდნენ უცხო ქვეყნის ელჩები და მზია ამაღლობელს აჯერებდნენ და აქეზებდნენ, არც საპროცესო შეთანხმებაზე არ წახვიდე და არც ის თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ცუდიაო. ამაზე წააქეზეს და ამიტომ, სასამართლოსა და პროკურატურას სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ გარდა იმისა, საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინათ. ამიტომ, დღეს, მზია ამაღლობელი ბრიუსელის პირადი პატიმარია და იმისთვის სჭირდებათ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმიათვის გამოიყენონ – ხან რეზოლუციას იღებენ, ხან მედალს აძლევენ. ერთი ადამიანი გაწირეს, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელონ. მთავარი დამნაშავეა ბრიუსელი, რომლის პირადი პატიმარია მზია ამაღლობელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
