ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსების – Omnibus Express-ისა და Georgian Bus-ის მგზავრობის ფასი 5 ლარით გაიზარდა – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მგზავრობა 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი გახდა.
„ბოლო ფაქტორი იყო საწვავის ფასი. თვე-ნახევრის წინანდელ ფასთან შედარებით ფასი 1 ლარით გაგვეზარდა (საბითუმო 2,5 ლარი იყო და 3,5 ლარი გახდა)… იმისთვის, რომ ხარისხიანი მომსახურება შევძლოთ, იძულებული გავხდით ხარჯები გაგვესწორებინა“ – უთხრა რადიო თავისუფლებას Omnibus Express-ის დირექტორმა, ირაკლი კაბულაშვილმა
Omnibus Express-ის დირექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი ბოლო წელს. კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას გაუძვირდა სათადარიგო ნაწილები; შეკეთების ღირებულება და ასევე პერსონალის ხელფასი.
„ჩვენი კონკურენტი გახდა უცხოეთის ქვეყნები და მძღოლები გარბიან ევროპაში სამუშაოდ. ამის გამო საკმაოდ გაზრდილია ავტობუსის მძღოლებზე მოთხოვნა და ხელფასი (მატება 100%)… საწვავი იყო ბოლო წვეთი, ჩვენ ხარჯები შარშან ივნისიდან გაგვეზარდა. იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, სახელმწიფოსთან მოლაპარაკება გვქონდა – იქნებ, დიღომში გაჩერების უფლება გვქონდა. თუმცა ამას საწვავის ფასი დაემატა… ასე [ფასის გაზრდის გარეშე] კომპანია დაიხურებოდა… ”
კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ორმა კომპანიამ ერთდროულად გაზარდეს მგზავრობის ფასები, კუბლაშვილი პასუხობს:
„ტარიფები მეტ-ნაკლებად მისდევს ხოლმე ერთმანეთს, რადგან მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის კომპანია როცა მუშაობს ჩაკეტილ ბაზარზე, ტარიფები ემთხვევა – თუკი ერთ-ერთი აკეთებს ფასდაკლებას, მეორეც იძულებულია…“ – ამბობს კუბლაშვილი.
Omnibus Express-ის დირექტორის ინფორმაციით, გაზრდილი ხარჯების გამო კომპანია მგზავრობის ტარიფის 5 ლარით გაზრდას ბათუმსა და ზუგდიდის რეისებზეც აპირებს.
