შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ საქართველოში კვერცხი გაძვირდეს – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ძვირდება კვერცხის თვითღირებულებაში შემავალი ყველა კომპონენტი, მათ შორის, საწვავი და ელექტროენერგია, რაც საბოლოო ფასზე გავლენას მოახდენს
„ტარიფების ზრდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენზეც. ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად მოვიხმართ. მოგეხსენებათ, ქათამს სჭირდება საკვები, რომლის მომზადებაც ადგილზე ხდება. ძირითადად, ეს მოიცავს ხორბლის, სიმინდისა და მარცვლეულის დაფქვას. ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის გამოყენება საკმაოდ ინტენსიურია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასში ისახება… ვნახოთ, შევხედოთ მოცემულობას. თუმცა, გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. ხედავთ, რამდენით მოიმატა საწვავისა და დისტრიბუციის ხარჯებმა. საკმაოდ სერიოზულია ელექტროენერგიის ფასის მატებასაც. ამასთან, ძალიან გაჭირდა და რახან გაჭირდა, შესაბამისად, გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა. ისე მიდის საქმე, რომ თვითღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტების გაძვირება ხდება“, – განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, მოხდება თუ არა კვერცხზე ფასის ზრდა თებერვალში გაიაფებულ 5%-ზე მეტად, მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, უფრო მეტით ზრდაც გახდეს საჭირო.
2026 წლის იანვარში, საქართველოში ერთი ერთეული კვერცხი 2-2.5 თეთრით გაძვირდა. მწარმოებელმა კომპანიებმა ეს გარდაუვალი საჭიროებით ახსნეს, გაძვირებიდან რამდენიმე კვირაში კი, 6 თებერვალს, ერთობლივი განცხადება („სავანეთი“, „დილა“, „კოდა“, „კუმისი“) გაავრცელეს და თქვეს, რომ წარმოებულ ფასს 5%-ით შეამცირებდნენ. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება“, – ეწერა ერთობლივ განცხადებაში.
