“ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება” – თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვები მისი აზრია და არც ჯარისთვის მოუწოდებია და არც აქციის მონაწილეებისთვის.
“ლეგიტიმურია, ეს გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშიც წერია, რომ ადამიანებს, ხალხს აქვს აჯანყების უფლება. კი, ნამდვილად კანონიერია, ზუსტად ამიტომ არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი მუხლი, რომ მაგალითად მე რომ ახლა დავამხო ხელისუფლება, მე ვერავინ ვერ გამასამართლებს იმიტომ, რომ არ არსებობს ეგეთი მუხლი. ზუსტად ეს თქვა დღეს ბაჩომ და იგივე გაიმეორა კი, თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს მოწოდება, რა მუხლითაც აქვს ბაჩოს წაყენებული, მოწოდება ხელისუფლების კონსტიტუციური დამხობის შესახებ, ეს არის მისი აზრი, რაც მან გამოხატა სასამართლოზე და არც ჯარისთვის მოუწოდებია და არც მიტინგზე ხალხისთვის. სრული აბსურდია თავიდან ბოლომდე, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ვართ დიქტატურაში და ნებისმიერი სიტყვა კონტროლდება შეშინებული ბიძინა ივანიშვილის მიერ,” – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა.
