არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ლომთათიძის ოჯახმა 5 მილიონამდე ლარის ტენდერები მოიგო.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, დეპუტატობის პერიოდში – 2021-2025 წლებში ლომთათიძის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ „კომპასი ჯ.კ“-მ 3 84 ,985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო. ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, შპს “კომპასი ჯ.კ“-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა.
„2019-2021 წლებში კომპანიამ მხოლოდ 762,432 ლარი მიიღო. სულ ბოლო 7 წლის განმავლობაში ტენდერიდან შპს „კომპასი ჯ.კ“-ს შემოსავალმა ჯამში 4 614 417 ლარი შეადგინა.
შპს „კომპასი ჯ.კ“-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთათიძის დის მეუღლე გიორგი ხელაძეა. თავდაპირველად ამ კომპანიას გიორგი ლომთათიძის და ეკატერინე ლომთათიძე ფლობდა, შემდეგ – გიორგი ლომთათიძის მამა დამირ ლომთათიძე, რომელმაც 2019 წლის 18 თებერვალს კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა თავის სიძეს გიორგი ხელაძეს. ეს კომპანია მონაწილეობს მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში.
1 084 272 ლარის ჯამური ღირებულების 3 ტენდერი (NAT260001302, NAT250016580 და NAT240017814) შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო. ამ იურიდიული პირების და მთლიანად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების კონტროლი გიორგი ლომთათიძის, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ინტერესთა კონფლიქტის ნათელი გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ასევე მოიგო სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებული 420,878 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი (NAT250001679 და NAT230006457) და ამ დროს “ბათუმის ბულვარის” დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე, სოფიკო გუჯაბიძე იყო. მეტიც, სოფიკო გუჯაბიძემ, ორივე შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერით დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და შპს „კომპასი ჯ.კ“-ს ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნიათ. სოფიკო გუჯაბიძე 2015-2018 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
