ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, პატრიარქის არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
მისი თქმით, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ისინი “სერიოზული განსაცდელისთვის მოამზადა” და მისმა დაკრძალვის დღეებმა აჩვენა, რომ სამღვდელოება და მრევლიც “უკვე მომწიფებულია”.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. რაც შეეხება ასაკის თემას, მე დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას, საბოლოოდ ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს, თუ ეს სინოდი ჩათვლის, რომ როგორც ჩათვლის სინოდი, ისე იქნება. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, მე ძალიან მშვიდად ვარ პირადად, ერთადერთი თუ რამ მაღელვებს, რომ რაღაც ისევ და ისევ ადამიანურმა ფაქტორებმა უხერხულობა არ შექმნას და იმედი მაქვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პატრიარქმა მოგვამზადა ჩვენ საკმაოდ სერიოზული განსაცდელებისთვის. ჩვენ, სხვათა შორის, სულ გვეშინოდა, რომ რა გვეშველება ესეთი პატრიარქი გვყავს და ეს შიში იყო ძალიან ლეგიტიმური, რატომ იმიტომ, რომ მართლა სანამ ეკლესია საბოლოოდ, ასე ვთქვათ, განმტკიცდებოდა, მას მიჰქონდა მთელი ეკლესიის ტვირთი და ყველას გვეშინოდა, რომ მის გარეშე ჩვენ… და მოხდა ის, რომ მან [ილია მეორემ] ჩვენ ფაქტიურად მოგვამზადა და მისმა დაკრძალვის დღეებმა გვაჩვენა, რომ უკვე მომწიფებული არის, არა მარტო სამღვდელოება, მრევლიც მომწიფებულია და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მღვდელმთავრებს, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა. ეს ძალიან დიდი გარანტიაა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უბრალოდ უნდა ვილოცოთ, რომ იყოს ნება ღვთისა,” – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.
