პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს.
პროექტი კვლავ დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურით არის წარდგენილი – მას პირველი მოსმენით 31 მარტს განიხილავენ, ხოლო 1-ელ აპრილს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.
აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებად მისაღებად პარლამენტს 17-20 მარტის სასესიო კვირას წარედგინა. 17 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა მომდევნო დღეებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართა და კანონპროექტის სამივე მოსმენით – დაჩქარებულად მიღება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ინიციატორებმა პროექტი ხელახლა წარადგინეს.
ცვლილებები, რომლის შედეგად 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, ”საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამასთან, უქმდება “საგადასახადო კოდექსის“ გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.
კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, საგადასახადო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს ეფექტიანი ინსტრუმენტი ავტოპარკის ეტაპობრივი განახლების, გარემოსდაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების მიღწევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
“საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც ქვეყნის ავტოპარკის მოძველებულ სტრუქტურას განაპირობებს. აღნიშნული ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე და ენერგოეფექტიანობაზე. ხანდაზმული ავტომობილები, როგორც წესი, ხასიათდება მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის მომატებული რისკით, რაც ჰაერის დაბინძურების ზრდასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიხშირის მატებას იწვევს.
მოქმედი აქციზით დაბეგვრის სისტემა, მიუხედავად ასაკობრივი დიფერენცირების არსებობისა, პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს ახალი ან შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტის სათანადო სტიმულირებას. მოქმედი განაკვეთების პირობებში, განსაკუთრებით 6-8 წლის ავტომობილებზე დაწესებული შედარებით დაბალი აქციზი, ეკონომიკურად ხელსაყრელს ხდის სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის ავტომობილების შემოყვანას და ვერ ქმნის ეფექტიან ფინანსურ ბარიერს უფრო ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შესაზღუდად.
კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესების, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვნად გაზრდის გზით“, – აცხადებენ კანონის პროექტის ინიციატორები.
