ბაჩო ახალაიას ცოლი პროკურატურას “კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში” ადანაშაულებს.
ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახალ ბრალდებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბაჩო ახალაიას განემარტა ბრალდების არსი, უფლებები და “თითქოს ყველაფერი მისთვის გასაგებია”, თუმცა ანი ნადარეიშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკნიდან არც კი გამოუყვანიათ და ბრალის წარდგენა პირადად არ მომხდარა.
დღეს ბაჩოს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი.
ბრალის დადგენილებაში ხელით წერია, თითქოს:
- ბაჩოს განემარტა ბრალდების არსი
- განემარტა უფლებები
- და თითქოს ყველაფერი მისთვის გასაგებია
ანუ დოკუმენტი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ბაჩო რეალურად იყო გამომძიებელთან, მას ელაპარაკნენ, აუხსნეს ბრალი და მან ეს ყველაფერი გაიგო.
მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?!
ბაჩო საერთოდ არ გამოუყვანიათ საკნიდან. არანაირი ბრალის წარდგენა პირადად არ მომხდარა. არანაირი განმარტება არ ყოფილა. არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა.
ჩვენ დღეს პროკურატურაში მოვითხოვეთ ამოღებულ იქნას პენიტენციური დაწესებულებაში ბაჩოს საკნის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები, რომელიც პირდაპირ ადასტურებს:
ბაჩო ახალაია საკნიდან არ გამოუყვანიათ!
ანუ ბრალის წარდგენის პროცედურა ჩატარდა მხოლოდ ქაღალდზე ბრალდებულის გარეშე.
ეს არის პროცესუალური კანონმდებლობის უხეში დარღვევა,” – წერს ანი ნადარეიშვილი.
