ის პოლიტიკოსია და რა თქმა უნდა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. მე ამას ბუნებრივია პასუხს ვერ გავცემ, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მან ომბუდსმენის განცხადების გამო “იმედგაცრუება“ გამოხატა.
ლევან იოსელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობის ორგანიზების მუხლით, პაატა მანჯგალაძის გასამართლება არასწორია, რადგან მის წინაარმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
მისი თქმით, მტკიცებულებებში, რომელსაც ის გაეცნო, საერთოდ არ ჩანს, რომ მანჯგალაძე რაიმე სახის ძალადობრივ განცხადებას აკეთებს, ან ძალადობრივ ქმედებას ახორციელებს.
“ვნახე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი, ის პოლიტიკოსია და რა თქმა უნდა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. მე ამას ბუნებრივია პასუხს ვერ გავცემ, მე შემიძლია ვისაუბრო სამართლებრივ საკითხზე, იმ ანგარიშზე რაც წარვადგინეთ სასამართლოში, სადაც ცალსახად ვთქვით, რომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოდგენილია სახალხო დამცველის აპარატში, ჩვენ შევისწავლეთ ძალადობის ორგანიზების კუთხით, მის მიმართ ეს მტკიცებულებები საკმარისი არ არის, რომ ეს ბრალი იქნას წარდგენილი და შესაბამისად, ამ მუხლით იქნეს ის ბრალდებული. მანჯგალაძე, როგორც მე მახსოვს, საერთოდ არ გამოსულა სიტყვით სცენაზე, საქმის მასალებიდან ასეთი რამე არ ჩანს,” – თქვა მან.
იოსელიანმა გაიხსენა, როგორ ესაუბრა პირადად მანჯგალაძეს 4 ოქტომბერს. მისი თქმით, ის თანახმა იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხულიყო.
“25 დეკემბერს საქმეში რა მტკიცებულებები იდო, არ ვიცოდი, რადგან საქმე არ მქონდა ნანახი. მე ვისაუბრე 25 დეკემბრის კონტექსტში, როდესაც მე მას დავურეკე, 4 ოქტომბერს და ვუთხარი, რომ ის, რაც იქ ხდებოდა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი, და მასაც ასეთ რაღაცაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან მასინვე ვაცნობიერებდი, რამდენი ადამიანის პასუხისმგებლობა მოყვებოდა ამ ყველაფერს. რაზედაც მან მითხრა, რომ თვითონაც არ იზიარებდა იქ რაც ხდებოდა, იმ ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა, იყო მოშორებით და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ის ხალხი, ვინც შიგნით იყო, გამოეყვანა. ამის შესახებ ვისაუბრე იმიტომ, რომ თუ საჭირო იქნებოდა ჩემი, როგორც მოწმის დაკითხვა სასამართლოში, ეს გარემოება დამედასტურებინა,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
