ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის გაცნობის პროცესს ადვოკატ ანი ნადარეიშვილს არ ასწრებენ – სუს-ის გამომძიებლები რუსთავის ციხეში ამ წუთებში იმყოფებიან და თავდაცვის ექს-მინისტრს ბრალის ახალ დადგენილებას აცნობენ.
ანი ნადარეიშვილის თქმით, მას სუს-ის გამომძიებლები დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ ორდერი ამოებეჭდა იმისთვის, რომ პროცესს დასწრებოდა, თუმცა როდესაც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა, ადვოკატს უთხრეს, რომ პროკურორის მიერ შეზღუდვა აქვს, რის გამოც ბრალის წარდგენის პროცესს ვერ დაესწრება.
ნადარეიშვილი ამბობს, რომ ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.
“ეს არის ცალკე საქმე, ცალკე უწყება, სულ სხვა უწყება იძიებს. ის ადვოკატები ვერ ჩაერთვებიან, იმიტომ, რომ პროცესს ესწრებოდნენ. მე ვარ ერთადერთი ადვოკატი ამ საქმის. არ შემიშვეს – ეს არის რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს დარღვევა. ადვოკატის გარეშე უყენებენ ბრალს. ის მოსამართლე და ის პროკურორები, რომლებიც ამ დანაშაულს ესწრებოდნენ, უნდა მოხდეს მათი აცილება, იმიტომ, რომ ისინი არიან მოწმეები და მაშინ მოწმის სტატუსით ვერ იქნებიან მაშინ ბაჩოს საქმეში ჩართულები. თუ ასეა, რომ მე ვარ მოწმე, რომელიც საერთოდ სხვა საქმეზე დამკითხეს და ხელოვნურად შეუერთეს ბაჩოს საქმეს იმისათვის, რომ არ ვყოფილიყავი ბაჩოს ადვოკატი და ეს არის ხელოვნურად გაკეთებული, ეს უკვე ყველას თვალწინ მოხდა და კონკრეტულად იმ საქმეს ეხება, ამიტომ გალუსტაშვილი მოსამართლეც და პროკურორებიც – თოდუაც და ბეჟუაშვილიც უნდა იყვნენ აცილებულები ამ საქმეზე.
თვითონ სუს-ის გამომძებელიც კი გაკვირვებული იყო სხვათაშორის – დილით დამირეკეს, ისიც კი მითხრეს, რომ არ დაგავიწყდეს ორდერიო. მოვედი, დამელოდა ამდენი ხანი ეს სუს-ის წარმომადგენელი, საქმის პროკურორს დავუკავშირდი, რომელიც არ მპასუხობს, ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ პასუხის არ მაძლევს. ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში ადვოკატთა ასოციაცია დარჩა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და დააფიქსირებენ პოზიციას”, – განაცხადა ანი ნადარეიშილმა.
