ბაჩო ახალაია ახალი ბრალის წარდგენის მოლოდინში – ექს-მაღალჩინოსანთან რუსთავის ციხეში წუთი-წუთზე უნდა შევიდნენ სუს-ის გამომძიებლები. როგორც ანი ნადარეიშვილი ამბობს, თავდაცვის ექს მინისტრის ადვოკატს მდინარაძის უწყებიდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და უთხრეს, რომ რუსთავის ციხეში აპირებდნენ შესვლას.
როგორც ანი ნადარეიშვილი “პირველებთან” ამბობს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმე სავარაუდოდ დახურულ პროცესზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრეს – საუბარია ფრაზაზე “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს”.
“სუს-ი იძიებს ბაჩოს დახურულ სასამართლოზე გამოთქმული ფრაზის საქმეს, “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” და სავარაუდოდ, ამ საქმესთან დაკავშირებით მთხოვეს მივსულიყავი, რადგან დღეს აპირებენ რომ ბრალი წაუყენონ. აბსურდი ხდება ყველასთან მიმართებაში, მარტო ბაჩოსთან მიმართებაში არა. განსაკუთრებით ბაჩოსთან მიმართებაში, თუნდაც იმიტომ, რაზეც ახლა ზის. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის. მაინც წაუყენეს ბრალი და მაინც ციხეში ზის. ამიტომ არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა ეს. ჩვეულებრივი ავტორიტარული მმართველობის ფორმა არის, დიქტატურაში ვართ და რასაც უნდათ და როგორც უნდათ ისე აკეთებვენ, თიორემ იურიდიულად როგორც შეიძლება მუხლი 317-ე შეაფასო, რომელიც არის საჯარო მოწოდებაზე და რომელიც არის კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე და ბიძინა ივანიშვილი არც კონსტიტუცია არ არის და არც სახელმწიფო არ არის და საერთოდ, არანაირი საჯარო მოხელეც არ არის. საჯარო მოწოდებად როგორ შეიძლება იყოს აღქმული დახურულ სასამართლოზე ნათქვამი?- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
