“მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვიკითხებოდი, როგორც მოწმე, მოსამართლემ მომისმინა – ჩემი გზავნილი იყო ის, რომ ბრალდებულები არიან საზოგადოებისთვის საშიში – მათ თავზე ხელაღებით, მიზეზის უკითხავად, გაურკვევლად შეუძლიათ პირდაპირ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მოკლან ადამიანი” – ამის შესახებ მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეს შესთავაზა, რომ ბრალდებულები იზოლირებული გახადოს საზოგადოებისგან, რაც შეიძლება დიდი ხნით, რომ თუნდაც ერთი მომავლის გიგა გადარჩეს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვიკითხებოდი, როგორც მოწმე, მოსამართლემ მომისმინა. ჩემი გზავნილი იყო ის, რომ ბრალდებულები არიან საზოგადოებისთვის საშიში. მათ თავზე ხელაღებით, მიზეზის უკითხავად, გაურკვევლად შეუძლიათ პირდაპირ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მოკლან ადამიანი. შესაბამისად, ისინი არიან საზოგადოებისთვის საშიში. მოსამართლეს შევთავაზე, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი განაჩენის გამოტანამდე – იზოლირებული გახადოს ეს ბრალდებულები საზოგადოებისგან, რაც შეიძლება დიდი ხნით, რომ თუნდაც ერთი მომავლის გიგა გადარჩეს“ , – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ამასთან, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება, მათ შორის, არასრულწლოვანებსაც.
„გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პიროვნება დაჯდება საბრალდებო სკამზე, თუმცა ამ ეტაპზე აქტიურად მაგ საკითხს მეც არ განვიხილავ, რადგან დროში ძალიან ვიზღუდებით. რიკაძის და გაბაშვილის დაკავებიდან 19 აპრილს გადის 6 თვე, ამიტომ მეც ჩავეხსენი დროებით ამ საკითხს. ძალიან დიდი ჯგუფია, ვინც წინასწარ მოამზადა გიგა ავალიანზე თავდასხმა და კიდევ უფრო დიდი წრეა ვინც მომხდარი ფაქტის შესახებ იცოდა. ამას გარდა საბრალდებო სკამზე დასხდებიან ექიმები, ვინც თავიდან სცადეს საქმის გაყალბება და არასწორად აღწერა გიგას დაზიანებები იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა. მე არც მადლობის თქმა მეშლება. როცა ექიმებამდე მივალ ხმამაღლა ვიტყვი იმ ექიმების სახელს და გვარს, ვინც ჩემს შვილს სასთუმალთან ედგა და ღამეებს უთევდა. საბრალდებო სკამზე დასხდებიან სამართალდამცავებიც. ჩვენ არ მოგვიწევდა ამდენი ბრძოლა. აბა ახლა თუ არ აკეთებს პროკურატურა საქმეს ღირსეულად, როგორც საჭიროა. ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება, მათ შორის, არასრულწლოვანებსაც“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ეკა კუპატაძის თქმით, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა ის მოწმე, ვისზეც იცოდნენ, რომ „ბოლომდე ვერ დაიჭერდნენ და პროკურორები აუცილებლად ბევრ უტყუარ ფაქტს დაადებინებდნენ დაკითხვის დროს“.
„დემეტრე ჩიქოვანის დედამ, ამბობდა გენერალურ პროკურატურის წინ, რომ ეკა კუპატაძემ ბრალი შეუკვეთა პროკურატურას და მერე ასე ორკესტრირებულად სამივე მშობელი გამოდიოდა და ყველა ერთდროულად ამბობდნენ, რომ ბრალი შეუკვეთა ეკა კუპატაძემ. ახლა მე მაქვს კითხვა: თუკი მე ბრალი შევუკვეთე პროკურატურას. თუკი თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ, ღრმად კი არა, ერთი-ორი პროცენტით მაინც ეჭვი გეპარებათ, მაინც ასე გგონიათ, ხომ? მაშინ უფლება და შესაძლებლობა გაქვთ, რომ მოუსმინო ეკა კუპატაძეს. შენს კიკინებიან შვილის დაჭერას უკვეთს პროკურატურას, ვაჭერინებ, ჩიხისთვის ვწირავ და კითხვაც არა გაქვს?
მეორეც, ნია იმნაძე არის გოგონა, რომლის ოჯახიც ამბობს, რომ თითქოსდა მას სექსუალურად ავიწროებდა მასწავლებელი, საოცარ სტრესშია ეს ბავშვი და ამ ბავშვს სათქმელიც არაფერი აქვს სასამართლოში? თუკი ასეთი რამე ხდებოდა, სათქმელიც არაფერი აქვს? ამაშია სწორედ საქმე. მათ უდავოდ ცნეს ყველა ის, ვისაც იცოდნენ, რომ ბოლომდე ვერ დაიჭერდნენ და აუცილებლად პროკურორები ბევრ უტყუარ ფაქტს დაადებინებდნენ დაკითხვის დროს“, – განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
