ჭიათურელი მაღაროელები გენერალური პროკურატურასთან აქციას მართავენ. მაღაროელები მათი თანამებრძოლების, მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, არჩილ ჭუმბურიძის და თენგო გველესიანისთვის ბრალის წარდგენასა და პატიმრობის მისჯას [პროკურატურა მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა, რასაც დაკავებული მაღაროელები არ აღიარებენ] აპროტესტებენ.
“ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ასევე, პროკურატურისგან მოვითხოვთ, დაინტერესდნენ და გამოიძიონ ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.” – აღნიშნულია ჭიათურელ მაღაროელთა განცხადებაში, რომელსაც პუბლიკა ავრცელებს.
20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე დამნაშავედ ცნო და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით ექვსი წლითა და სამი თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ფოტო: პუბლიკა
