როდესაც მოხდება ზიანის ანაზღაურება და იქნება მზაობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი კონკრეტული პირობა არ არის გადაწყვეტილი.
„რაიმე კონკრეტული პირობა არ არის გადაწყვეტილი, არც გიორგი ხაინდრავას და მითუმეტეს, არც სხვა ბრალდებული პირების მიმართ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე აპირებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ ამას მისი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში აჟღერებენ, შესაბამისად ამ ეტაპზე ვერცერთ დეტალს ვერ ვიტყვი, რადგან მსგავსი რამ ჯერ განხილვაშიც არ არის. ვინაიდან არ მოუმართავთ ჩვენთვის და არ უღიარებიათ დანაშაული, არანაირი მსჯელობა არ ყოფილა.
საპროცესო კოდექსი მოითხოვს ბრალის აღიარებასა და სასჯელზე შეთანხმებას. საქართველოს პროკურატურის პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. როდესაც მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და იქნება მზაობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება და მომართვა არ ცვლის ყველაფერს, შეთანხმება უნდა მოხდეს მხარეებს შორის, თუმცა შესაძლებელია ბრალდებული აღიარებდეს დანაშაულს და ზიანიც ჰქონდეს ანაზღაურებული, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ვერ გაფორმდეს შეთანხმება”,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
