პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება — 8 პოლიტიკოსის საქმეზე დღეს განსასჯელის სკამზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე წარდგებიან.
პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი სხდომაზე არ იქნება მამუკა ხაზარაძე.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
ასევე, ამ დრომდე უცნობია, დაეთანხმება თუ არა სასამართლო სხდომის საჯაროობას — შესაბამის შუამდგომლობას დღეს ადვოკატები დააყენებენ.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ პროცესის საჯაროობაზე პრობლემა არასდროს ჰქონია, თუმცა გადაწყვეტილება საჯაროობაზე სასამართლოს წესებსა და პროცესის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.
“ჩვენ არასდროს დაგვიმალავს რა მტკიცებულებები გვაქვს. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით საჯაროდ. პროკურატურის მხრიდან არასდროს ყოფილა იმის მოთხოვნა, რომ პროცესი ყოფილიყო დახურული და არანაირად არ ვართ მოწოდებული, რომ რაიმე გავასაიდუმლოოდ და რამე მტკიცებულებაზე ვთქვათ უარი. მაგრამ, აქ არის მეორე მხარე, სასამართლოს აქვს თავისი წესები და ახლა არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ როდესაც სასამართლო დარბაზში არიან, იქ წესრიგი უნდა დაიცვან” – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
ბრალდებული ოპოზიციონერი ზურაბ ჯაფარიძე საქმეს უსისტემო და გაუმართლებლად გაბერილად აფასებს.
“არაფერი წინა პროცესის შემდეგ არ შეცვლილა, ეს მასალები ტომებად ყრია და ახხლაც რომ ჩაიხედოთ შიგნით, ვერ გაარკვევ რა რა არის და საერთოდ, რატომ არის. 80%-ზე იფიქრებ, რომ რატომ დევს და საერთოდ, ვის მიემართება, გაუგებარია. ახლა რასაც ველოდებით არის ის, რომ ყოველ ჯერზე რაღაცეები რომ ხდება, იმას მერე ამატებენ ხოლმე რაღაც ახალ ტომებს. შეიძლება, შემდეგი პროცესისთვის დაამატონ ახალი ტომი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, კადრები იქნება, როგორ შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს” – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ადგენს, ვისი დამსახურებით დაედო სანქციები “ოცნების” 200-ზე მეტ მაღალჩინოსანს. ამის შესახებ გუშინ 8 ოპოზიციონერი ლიდერი საქმის პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
