“ახალგაზრდა ქალბატონი შველას ითხოვდა. კიბის უჯრედზე, სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იწვა… მაისური ავუწიეთ და გულ-მკერდის წინა კედელზე დავაფიქსირეთ შემავალი ჭრილობა. კითხვაზე, რა მოხდა, ქალისგან პასუხი ვერ მივიღეთ” – ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ განაცხადა.
პროცესს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ესწრება. როგორც სააგენტოს ჟურნალისტი იუწყება, ექიმის ჩვენებით, თეკლა გერსამია თავად მივიდა იმ კორპუსთან, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალია და შველა ითხოვა.
რაც შეეხება ბრალდებულის მეუღლეს, ექიმის ჩვენების მიხედვით, ლუკა დარასელია მათ უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
„შიგნით ვიყავი, ქალის ტირილის, კივილის ხმა გავიგე, შველას ითხოვდა. სწრაფად გამოვედი გარეთ, ახალგაზრდა ქალბატონი დამხვდა, რომელიც შველას ითხოვდა, ტიროდა, წამოდით, ჩქარა დამეხმარეთო, იძახდა. ჩავსხედით სასწრაფოს მანქანაში, იქვე კორპუსთან რომ შემოვატრიალეთ, დავინახეთ, ბოლო სადარბაზოსთან იდგა ქალბატონი, რომელიც შველას ითხოვდა.
არ ვიცოდი, რაზე მივდიოდით, ჩვენ ყოველთვის კითხვას ვსვამთ – რა მოხდა და პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ სასწრაფოს მანქანიდან ყველაფერი ავიღეთ. ქალბატონი შევიდა, ცარიელი სადარბაზო იყო, კიბე ავიარეთ, მეორე კიბის პარალელურად, კიბის უჯრედზე, სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იწვა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დავიწყეთ… თავი კედლის მხარეს ჰქონდა, მახსოვს, რომ თავთან პატარა შავი ჩანთა ედო.
პაციენტს ვათვალიერებთ ხოლმე და ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ გულ-მკერდზე მარცხენა მხარეს, ლავიწის მიდამოში სისხლის კვალი შეამჩნია. ჭრილობა ხომ არ არისო, მაისური ავუწიეთ და გულ-მკერდის წინა კედელზე დავაფიქსირეთ შემავალი ჭრილობა. პარალელურად პაციენტის ბოლომდე დათვალიერება ხდებოდა, თან რადგან მომხდარზე ინფორმაცია არ მქონდა, ირგვლივ თვალიერება დავიწყე, სად წავიდა ეს ქალბატონი რაღაც მაინც მითხრას-მეთქი. პაციენტი ჩავიყვანეთ მანქანაში. სასწრაფოს მანქანის გვერდითა კარიდან რომ ვჯდებოდი, ეს ქალბატონო იქ დავინახე, პატარა ბავშვი ეკავა ხელში.
კლინიკის ეზოში შეყვანისას დამძიმდა, გულგაჩერებული შევიყვანეთ“, – განაცხადა მოწმემ.
პროკურორ ნათია გურულის კითხვაზე, რამდენად უჩვეულო იყო ის ფაქტი, რომ საშველად მისული ქალი მათ კითხვებზე არ პასუხობდა, ექიმმა დადებითი პასუხი გასცა.
„არაერთხელ მქონია უეცარი სიკვდილის შემთხვევა, ამ დროს ოჯახის წევრების მაღალი ემოციური ფონია – კივილი, ტირილი. ჩვენი პირველი კითხვა არის ხოლმე, რა მოხდა. ამ დროს ოჯახის წევრები რაღაცას მაინც გეუბნებიან ტირილთან ერთად, მინიმუმ იმას მაინც, არ ვიციო. ჩემთვის გასაოცარი იყო ის, რომ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, მათ შორის „არ ვიცი“. ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ არაფერს ამბობდა“, – განაცხადა მოწმე ექიმმა.
პროკურორის კითხვაზე, ჰქონია თუ არა, თვითმკვლელობის შემთხვევა გულში დანის ჩარტყმით, ექიმმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მე პირადად, არ მქონია გულში დანით შემავალი ჭრილობით თვითმკვლელობის შემთხვევა“, – განაცხადა ექიმმა.
დაცვის მხარის კითხვების საპასუხოდ, ექიმმა კიდევ ერთხელ აღწერა ადგილზე მყოფი ქალის მდგომარეობა. ასევე, ექიმმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა მას ჰკითხა, „როგორ იყო ის ადამიანი და ცოცხალი იყო თუ არა“.
სასამართლოში ჩვენებას აძლევს ასევე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ოპერატორი, ქეთევან სტურუა, რომელმაც სასწრაფოს მიერ მიყვანილ ლუკა დარასელიას ისტორია გახსნა.
„სასწრაფომ მითხრა, რომ პაციენტის არც სახელი და არც გვარი იცოდა. ისტორია გავხსენი და შოკის დარბაზში შევედი. გარეთ რომ გამოვედი, ამბობდნენ, ახლობელი ცუდად გახდაო, რომ შევხედე, ეს ქალბატონი [თეკლა გერსამია] ეტლში იჯდა, აღელვებული იყო, დედასთან დამარეკინეთო, მხოლოდ ამას იძახდა, ბავშვი აღარ ეკავა ხელში. დედამისს კლინიკის ტელეფონიდან დავურეკე, თქვენი შვილი პაციენტს ახლავს შვილთან ერთად, აღელვებულია და ითხოვს კლინიკაში მოხვიდეთ-მეთქი, ვუთხარი. ამ ქალბატონმა მითხრა, რომ ვერ მოვიდოდა და შვილი დალაპარაკებოდა, მაგრამ ეს გოგონა არ დაელაპარაკა.
გოგონას პაციენტის სახელი და გვარი ვკითხე, მაგრამ არაფერს ამბობდა. მხოლოდ იმას იძახდა, „ხომ ცოცხალია, ხომ ცოცხალიაო“. მერე ისევ დედამისთან დავრეკე, იქნებ მას ეთქვა პაციენტის ვინაობა, მაგრამ არ ვიცნობ, არ ვიციო, მითხრა. ვინაობა პოლიციის დახმარებით დადგინდა. დაახლოებით, ორ საათში გადმორეკა დედამ, პაციენტის მდგომარეობა მაინტერესებსო, მაგრამ ვუთხარი, რომ მესამე პირს ვერ ვეტყოდი ამას, თან როცა განაცხადა, არ ვიცნობო“, – განაცხადა სტურუამ.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.
თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
