შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან სხვისი კუთვნილი მოტოციკლეტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.მ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ მოპარული მოტოციკლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
