ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება თუ მიიღწევა, ნავთობის ფასი ძალიან სწრაფად დაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო და ირანმა მთავარ სავაჭრო არხში – ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებას საფრთხე შეუქმნა.
ახლა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „შეთანხმების დადების ძალიან სერიოზული შანსი არსებობს“, რის შემდეგაც ნავთობის ფასი მკვეთრად დაიკლებს. თუმცა, მისივე თქმით, შეთანხმების დადების შანსის არსებობა არაფრის გარანტიას არ იძლევა.
„ჩვენ ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს შეთანხმებისთვის, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. მე არაფრის გარანტიას არ გაძლევთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად 15 პუნქტს განიხილავენ, სადაც ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა „პირველ, მეორე და მესამე პუნქტებად“ არის დასახელებული. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ მას „რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმის“ ხილვა სურს.
