ბრალი, რომელიც პაატა მანჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება, — ამის შესახებ აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს „მეგობრის მოსაზრება“ უკვე წარუდგინა. მისი თქმით, არსებული მასალებით არ იკვეთება არც ბრალდებულის როგორც ორგანიზატორის როლი და არც თანამონაწილეობა, რის გამოც სასამართლოს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
“დღეს მოვაწერე ხელი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას და გავაგზავნე სასამართლოში, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს გავუზიარე ჩემი მოსაზრება პაატა მანჯგალაძის საქმის ირგვლივ, ვინაიდან იმის მტკიცებულებებით, რაც ჩვენამდე მოვიდა ადვოკატების მეშვეობით, ვხედავთ, რომ ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, არ ემყარება კონკრეტულ მტკიცებულებებს, არ არის ორგანიზების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ის, როგორც თანააღმსრულებელი არ ჩანს ამ ყველაფრიდან, ჩვენ შევისწავლეთ და შესაბამისად, ამ დასკვნამდე მივედით. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, რომ მათ შორის სხვა სხვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ფარგლებში, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებს, როცა იხელმძღვანელებს განაჩენის გამოტანის დროს.
პაატას შემთხვევაში თქვენ იცით, რომ მე მას დავურეკე და ვესაუბრე ტელეფონზე, როდესაც ეს მოვლენები ვითარდებოდა და ამ საუბრის დროს, მან მე დამიდასტურა, რომ ის არამც თუ არ იზიარებდა რაც იქ ხდებოდა, საერთოდ, იქ არ იმყოფებოდა და ამავე დროს ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი განემუხტა. ამის შესახებ ვთქვი, რომ ჩვენებასაც მივცემდი სასამართლოს, რომ მას არ გაუმჟღავნებია რაღაცა ტიპის მხარდაჭერაც კი იმ მოვლენების მიმართ, რაც 4 ოქტომბერს განვითარდა” – ამბობს იოსელიანი.
ლევან იოსელიანი ასევე აღნიშნავს, რომ 31 მარტს გამოქვეყნდება სახალხო დამცველის წლიური ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება ასახული ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, რომლებიც 2025 წელს დაფიქსირდა.
“31 მარტს გამოქვეყნდება სახალხო დამცველის წლიური ანგარიში, სადაც იქნება საუბარი ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობაზე და ყველა მიმართულება იქნება იქ გაშლილი, მათ შორის ჟრნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე იქნება საუბარი და კიდევ ბევრ სხვა შემთხვევაზე, რომელიც 2025 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში” – ამბობს იოსელინი.
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა – ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
ომბუდსმენის მიერ წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს.
