როდესაც რამდენიმე ათეული მოძალადის ქმედებები იდენტურია და ხორციელდება ერთ დღესა და ერთ სივრცეში, ეს წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, ეს ადამიანები ერთი კვირით ადრე შეთანხმდებიან, თუ იმ დღეს მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას სპონტანურად, კვალიფიკაციისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა.
მან მოწმე გამომძიებლის, კონსტანტინე კერესელიძის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც იაკობიძე განმარტავს, როდესაც კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობის მოწოდებას ადამიანები ემორჩილებიან, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირები მანამდე ერთმანეთს იცნობდნენ თუ არა და შეთანხმდნენ თუ არა წინასწარ.
“ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით, გამომძიებელმა განაცხადა, რომ ამოღებულია ტექნიკა, რომელზეც ექსპერტიზა დანიშნულია და პასუხი ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმების ნაწილი ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის შეფასებით და მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, რამდენი დღით ადრე მოხდა, საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა. კონკრეტული პირების ქმედებები და ქცევები, კონკრეტულ ლოკაციაზე ერთმანეთს ემთხვევა, გამომდინარეობს კონკრეტული პირების მოწოდებებიდან და ამ მოწოდებების რეალიზება უკვე მოქმედებებში ხდება, ეს ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. გამომძიებელთან სხვადასხვა კითხვა იყო საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, მან დაადასტურა ის გარემოება, რომ მასთან, როგორც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ნივთიერი და ვიდეომტკიცებულებები მოგროვდა, ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალები და დაადასტურა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უშუალოდ მის მიერ იყო ჩატარებული.
როდესაც კონკრეტული პირები კონკრეტულ ლოკაციაზე არ იმყოფებიან და კონკრეტული პირების მიერ მოწოდება ხდება, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაინაცვლონ, განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები და ამას ემორჩილებიან ჯგუფის სხვა წევრები, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები იცნობდნენ მანამდე ერთმანეთს თუ არა. მოგეხსენებათ, საპროტესტო აქციის ლოკაცია საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია იყო და საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გადანაცვლება სწორედ, მოწოდებების შემდეგ მოხდა და სწორედ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან არანაირი აქცია არ მიმდინარეობს, კონკრეტული ორგანიზატორების მოწოდებით, რომ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს დაეუფლონ, განახორციელონ პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრა, ამ მოწოდებების შემდეგ იწყება რბევა, მათ შორის, დაზიანდა კერძო ობიექტები, დაიწვა ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. როდესაც რამდენიმე ათეული მოძალადის ქმედებები იდენტურია და ხორციელდება ერთ დღეს და ერთ სივრცეში, ეს წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, ეს ადამიანები ერთი კვირით ადრე შეთანხმდებიან, თუ იმ დღეს მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას სპონტანურად, მერწმუნეთ, კვალიფიკაციისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა იაკობიძემ.
