მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და შეიძლება, ძალიან მალე, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ალასანიამ განმარტა, რა საკითხებზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
„[გამოსვლის] ძირითადი ნაწილი დაეთმო, რა თქმა უნდა, პატრიარქის დაკრძალვას და იმას, რაც მთელი ეს დღეები მოხდა. მოგეხსენებათ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა დაგვტოვა. შემდეგ ილაპარაკა მიმდინარე ვითარებაზე, რაც საქართველოშია, ასევე, პროცესებზე, რომელიც აღძრულია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამასთან, შეეცადა ეჩვენებინა ჩვენთვის, დარბაზისთვის და საერთოდ ხალხისთვის, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და შეიძლება, ძალიან მალე, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს”, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.
