აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლის ლიდერი ირანს ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ემუქრება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ირანი ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში სრულად, საფრთხის გარეშე თუ არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ ირანთან დაკავშირებით საკუთარ მიზნებს აღწევს და გეგმა ვადაზე ადრეც კი სრულდება. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა მოკლე დროში შეძლო ირანის ლიდერებისა და შეიარაღებული ძალების განეიტრალება.
„შეერთებულმა შტატებმა ირანი რუკიდან გააქრო, მაგრამ მათი ზედაპირული ანალიტიკოსი დევიდ სენგერი ამბობს, რომ ჩემს მიზნებს ვერ მივაღწიე. დიახ, მივაღწიე და კვირებით ადრე. მათი ლიდერები აღარ არსებობენ, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, მათ აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ აქვთ და შეთანხმების დადება სურთ, მე კი – არა. ჩვენ გრაფიკს კვირებით ვუსწრებთ. ისევე როგორც ჩემი არჩევნების არაკომპეტენტურად გაშუქებისას, წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ ყოველთვის ცდება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
