საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 30 მილიონი დოლარის საწვავი გაიტანეს. მათ შორის, სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, 19 მილიონი დოლარის საწვავი აფრიკის ქვეყანას – ტოგოს მიეყიდა. მეორე ადგილზე ემირატები, სადაც 10 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობპროდუქტები გავყიდეთ. ინფორმაცია “TV პირველი” ავრცელებს.
ამ მონაცემების ფონზე, ეკონომისტები უკვე საუბრობენ შესაძლო რისკებსა და კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება როგორც ნავთობის წარმოშობას, ისე მის რეექსპორტს.
გიორგი ხიშტოვანი არ გამორიცხავს, რომ საქმე ეხებოდეს სანქციებთან დაკავშირებულ სქემებს და ე.წ. „ჩრდილოვან ბაზარს“, სადაც ნავთობის მოძრაობა არაერთი მიმართულებით ხორციელდება.
“როდესაც დამნაშავე ამბობს, რომ “მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან”. აი, დაახლოებით ეს იყო ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ის ითანამსრომლებდა ევროკავშირთან, ეს იყო ნიშანი იმის, რომ მათ იცოდნენ, რომ ევროკავშირმა ყველაფერი იცოდა, აი, ეს ფაქტორიც და მათ არ უარყვიათ ის შესაძლო პრეტენზიები, რაც ევროკავშირს მათთან ჰქონდა, მე მანიშნებს იმას, რომ ჩვენ რეალურად, არალეგალური, სანქცირებული ტიპის ვაჭრობაში ვიყავით ჩართულები. ჩართულები ვიყავით ორი გზით: ერთი გზა იყო, უბრალოდ, რო ჩვენ შემოგვქონდა რუსული ნავთობი და შემდეგ ის გაგვქონდა, სავარაუდოდ, ჩრდილოვანი ფლოტის დახმარებით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ტოგოში თუ მართლა ხდებოდა გადამუშავება საქართველოს მხრიდან ამ ნედლი ნავთობის.
ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” მთავრობას და მეორე მხრივ, იმ კომპანიას, რომელიც შეიქმნა როგორც გადამამუშავებელი ქარხნის კომპანია. ამ კომპანიის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღო ლევან დავითაშვილმა, როცა ვიცე-პრემიერი იყო და ახლა არის მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მე მგონია, აქ, ტოგო შეიძლება, იყოს სხვა დროს უგანდა, სხვა დროს ანგოლა, მოზამბიკი – ამას არ აქვს არანაირი მნიშვნეობა. ეს ბაზარი ნედლი და დამუშავებული ნავთობის, ჩრდილოვანი ფლოტით მოძრაობის ბაზარი არის შავი ბაზარი” – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ექსპორტის მოცულობასა და ეკონომიკურ ეფექტზე კითხვები აქვთ სხვა ეკონომისტებსაც.
რომან გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ქვეყანამ — კერძოდ, რამდენად აისახა ეს მოცულობა ბიუჯეტში, მათ შორის დღგ-სა და დასაქმების კუთხით.
“4 თვეში საქართველოდან გატანილი 170 მლნ დოლარის მზა პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ ნახევარი მლრდ ლარის ღირებულებისს პროდუქცია შექმნილა. სად არის ბიუჯეტში დღგ? ნახევარი მლრდ-ი ლარის პროდუქცია რომ შექმნა, დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ხელფასი უნდა გაცემულიყო მუშებზე.
ვნახოთ, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს, მთავრობას, ამ სოკარს” – ამბობს რომან გოცირიძე.
