საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს პატივის მისაგებად ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლები, ცოტა ხანში, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ილია მეორეა დასვენებული.
“მივდივართ, რომ პატივი მივაგოთ უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს. მივაგოთ პატივი და თან მადლიერებით გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე. ჩვენთვის ეს იყო მთელი ეპოქა და არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის, ნახევარი საუკუნე, რომელიც დარწმუნებული ვარ ნამდვილად იქნება სახელდებული ასე – ილია მეორეს ეპოქა.
გულწრფელად მინდა გითხრათ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა მაშინ, როცა ეს ამბავი გავიგე იყო, დავით გურამიშვილმა თქვა თავის დროზე ვახტანგ მეექვსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, “ვაი რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო”. ეს განცდა აქვს ალბათ ახლა საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს და მეც ამ განცდით, ოღონდ ამავე დროს მადლიერების გრძნობით, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ფაქტობრივად ჩვენი მთელი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, ჩემი თაობისა ყოველ შემთხვევაში, ილია მეორეს გვერდით, მის დროში, მის ეპოქაში გაგვეტარებინა.
გვინდა პატივი მივაგოთ დღეს უნივერსიტეტების თანამშრომლების, სტუდენტების, პროფესორების სახელით მის ხსოვნას,” – ამბობს პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
არსებული ინფორმაციით, მსვლელობას შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორებიც.
