აჭარაში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულები გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ. მათი პოზიცია მათმა ადვოკატებმა გაავრცეელს.
ადვოკატების თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შესთავაზებენ და თუ სასამართლომ მათი შუამდგომლობა გაითვალისწინა, დაკისრებული გირაოს ოდენობა თავად მოსამართლემ განსაზღვროს.
მათივე თქმით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
პროკურატურა დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო ქალი ბრალდებულის, მელანია ზოიძის მიმართ 7000 ლარის ოდენობის გირაოს.
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.
