“პატრიარქი ილია II ასე სანთელივით იწვოდა 49 წლის მანძილზე და თანამემამულეებს უნათებდა გზას ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ” – ამის შესახებ “მეტრონომთან” თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სახელს უკავშირდება. მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის და რაც მნიშვნელოვანია მე ამ წუთას სამების საკათედრო ტაძრიდან გამოვედი და ასეთი საოცარი ერთსულოვანი გლოვა, პატივისცემა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისაგან, ამას ვერანაირი დირიჟორი, ვერანაირი ხელოვნური მცდელობა ამას ვერ გააკეთებს აი ეს მეტყველებს ყველაზე კარგად თუ რაოდენ დიდი სახელი, ავტორიტეტი და სიყვარული დატოვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
მაინც რა იყო მიზეზი რომ ასეთი დიდი სახელი, ავტორიტეტი და სიყვარული დატოვა? მან ჩაიბარა უკიდურესად დასუსტებული, არაპოპულარული დევნილი, ბოლშევიკური, ათეისტური ხელისუფლებისაგან დევნილი ეკლესია და ის აქცია საკმაოდ ძლიერ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიად მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში და აი ის ავტორიტეტი მან, როგორც პატრიარქმა პიროვნულად მოიპოვა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, არამართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის ეს მოვიდა ძალიან დიდი შრომის შედეგად.
პატრიარქს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში აქვს ასეთი რამ ნათქვამი: “მადლმოსილება ცალკეულ ადამიანთა წყალობით იკვლევს გზას, ეს ადამიანები თვითონ სანთელივით იწვებიან და უნათებენ გზას მოყვასს, თანამემამულეებს”. შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქი ილია II ასე სანთელივით იწვოდა 49 წლის მანძილზე და თანამემამულეებს უნათებდა გზას ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ.
რა იყო მისი ძლიერების წყაროო? ის იყო, რომ პატრიარქთან შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად თავისი სოციალური მდგომარეობისა, შესვლა, თავისი გასაჭირის შესახებ თქმა და მისგან ნუგეშის მიღება. არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც თუნდაც ერთხელ ჰქონია შეხვედრა პატრიარქთან და მისთვის რაღაც დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული არ ყოფილიყო.
50 მოქმედი ეკლესია იყო და 70 სასულიერო პირი, დღეს 2300-ზე მეტი მოქმედი ეკლესიაა და 3000-ზე მეტი სასულიერო პირი. ერთი მცხეთის სასულიერო სემინარია იყო, დღეს უკვე არის ორი სასულიერო აკადემია – თბილისსა და გელათში, ასევე უამრავი სასულიერო სასწავლებელი და საპატრიარქოს ეგიდით არსებული 4 უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, არ არსებობდა ქართულ ენაზე საღვთისმეტყველო წიგნები, არ არსებობდა ქართული ხატები. ეს ტრადიცია მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ დაიკარგა, როდესაც ჩვენ ეკლესიის ავტოკეფალია დავკარგეთ და ეს ყველაფერი აღორძინდა პატრიარქ ილია მეორის დროს.
1917 წელს ჩვენმა ეკლესიამ აღიგინა ავტოკეფალია, მსგრამ მას არ აღიარებდა მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესობა. პატრიარქ ილია II-ის დიდი მცდელობით, 1990 წლის 4 მარტს მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა, აღიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული ჩვენი ეკლესიის მეთაურისა. ასე რომ გავაგრძელოთ ძალიან ბევრი რამ შეიძლება რომ ითქვას.
განურჩევლად მისი პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა, განურჩევლად მისი სიმპათიის ან ანტიპათიისა რაიმე მოვლენის მიმართ, ყველა ადამიანი გაერთიანებულია და ყველა მიაგებს პატივს პატრიარქ ილია მეორეს.
ისტორიაში კიდევ ბევრი რამ შეიძლება გადაფასდეს, შეიძლება იყოს რაღაც ოპონენტების განსჯის საგანი, მაგრამ ერთი რამ უდავოდ შეიძლება ითქვას – ეს ეპოქალური ადამიანი იყო და ასეთად დარჩება საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.
საპატრიარქოში სიტუაციის ცვლილებაზე ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით, უკვე ყველაფერი მოქმედებს მართვა-გამგეობის 1995 წლის დებულების შესაბამისად. დებულების შესაბამისად, ახლა უკვე მოსაყდრე გამორჩეულია და ის 40 დღის განმავლობაში ასრულებს პატრიარქის მოვალეობას, შემდეგ ვნახოთ რა იქნება” – განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ “მეტრონომთან”.
