შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, 1975 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ი.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბ.ც. და გ.მ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ბრალდებული ი.დ. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
