ხელვაჩაურში სპეცოპერაციის დროს 75 წლის ქალი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. თამარ მიქელაძის შვილიშვილი “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში მომხდარის შესახებ ყვება და ამბობს, რომ პენსიონერს ცეცხლი მისი შვილის, ხვიჩა დუმბაძის დაკავების ოპერაციის დროს გაუხსნეს.
როგორც ნია მიქელაძე ამბობს, პირს, რომლის დასაკავებლადაც სპეცრაზმი პენსიონერის სახლში შევიდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზნით ესროლეს 75 წლის ქალს.
“ღამით, დაახლოებით 3-4 იქნებოდა საათი, ბებიაჩემი ცხოვრობს ნაქირავებში და მისი “ხაზეიკა” მირეკავს და მეუბნება, სპეცოპერაცია ტარდება ბებიაშენთან სახლშიო და დაჭრილია ბებიაო. ფანჯრები ჩამოლეწეს, მთელი სახლი დააურეს თავზე, შიგნით ყვავილები იყო, ქოთნები დაულეწეს, ყველაფერი გაუნადგურეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხში არის დაჭრილი ჩემი ბებია. კი, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ესროლა. 75 წლის ქალი იწვა ლოგინში, გულით ავადმყოფია, უბრალოდ სთხოვა, ძალით ნუ შემოხვალთ, კარს გაგიხსნით და ისე შემოდითო, ნაქირავებში ვარო. “არ გაინძრე, თორემ გესვრიო” და ბებიაჩემმა “თუ რამე დავაშავე, შვილო, მესროლეო”. ადგა და ესროლა. ალბათ 50 ოჯახში იყვნენ მისულები” – ყვება ნია მიქელაძე.
ცოტა ხნის წინ „ბათუმელებთან“ ოფიციალური კომენტარი გააკეთა ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც სპეცოპერაციისას დაშავებული ქალია გადაყვანილი.
„კლინიკაში შემოიყვანილია ქალი, უმნიშვნელო დაზიანებებით, ნაკაწრებით. გაეწია სამედიცინო დახმარება. დაზიანებული ჰქონდა ფეხი, მაგრამ დაჭრილი არ არის. მალე გაეწერება კლინიკიდან,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საავადმყოფოში.
