ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სპეცოპერაციის დროს დაშავებულ 75 წლის ქალს პირველადი დახმარება ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ გაუწიეს და მან კლინიკა უკვე დატოვა. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქალს ფეხის არეში სავარაუდოდ, მინის შედეგად ჰქონდა დაზიანება მიღებული.
„ქალბატონი დღეს დილით შემოიყვანეს. დაჭრილი არ არის. გადაუდებელ სამსახურში ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, სავარაუდოდ, მინის შედეგად აქვს ნაკაწრები მიღებული. დღეს დილით შემოიყვანეს და ამ დროისათვის, კლინიკაში არ იმყოფება“, – აცხადებენ კლინიკა ბაუში.
არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.
ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.
