მოკლული მასწავლებლის დედა, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ მძიმე დანაშაულის ორგანიზებაში მერაბ მალანიას ვაჟიც იყო ჩართული. პროკურორი მალანიას დაკავებას არ გამორიცხავს, თუ საგამოძიებო მოქმედებების დროს მისი დანაშაული დადგინდება. ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილის მობილური ტელეფონი დალუქულია, ექსპერტიზა ბევრ რამეს დაადგენს.
ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა რაც ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის დაკავებას ითხოვს, ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა სწორედ მალანიამ მიიღო ამიტომ ყოფილ პოლიციელს შვილმკვდარი დედა მიმართავს და სთხოვს სავარაუდო დამნაშავე გამოძიებას ჩააბაროს, ოჯახი არ გამორიცხავს რომ მალანიას მფარველობდნენ.
თემქაზე სასტიკად მოკლული გიგა ავალიანის საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ საქმეს 5 ტომი დაემატა, გამომძიებლები რამდენიმე თვე საკანში უსმენდნენ ბრალდებულებს, სახლებში კი ოჯახის წევრებს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც ხელბორკილებს დაადებენ.
პროკურატურამ რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურა რომ ავალიანის მკვლელობაში მონაწილე პირები თვეების განმავლობაში არასრულწლოვნებს ქუჩა-ქუჩა ასისხლიანებდნენ, დღეს ავალიანის და ძალადობის საქმეები გაერთიანდა, მთავარი ეპიზოდის საქმის პროკურორი “პირველებს” უყვება, რომ გამოძიებამ ჯგუფის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა.
