პეტერ ფიშერის განცხადება აჩვენებს, რომ მოქმედებს შეთქმულება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს, დაპირისპირება საკმაოდ გაზრდილოა გეოგრაფიულად და ამ პროცესებში საქართველოს ჩართვის გეგმა დღის წესრიგში ისევ რჩება.
„ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე პეტერ ფიშერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია. საქართველოს წინააღმდეგ კონსპირაციული გეგმა არსებობს, წინა პლანზე პეტერ ფიშერია, როგორც ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იმ პროცესების, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოში წარმართავს. რასაკვირველია, იმის თქმის საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილია. რეალურად ის ხდება, რასაც ჰქვია აგენტური ხელისუფლების მოყვანის მცდელობა. ამ მცდელობას ინტენსიური ხასიათი მიეცა და მათ შორის პეტერ ფიშერის მონაწილეობით. ელჩი და სხვა ადამიანი ვალდებულია, რომ ბრალდებებს როცა ახმოვანებს, მტკიცებულებები წარმოადგინოს. მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე სანქციებს გვერდს უვლის. მტკიცებულება როცა არ არსებობს და მაინც ამ თემას აგრძელებენ, უნდა მივხვდეთ, რომ ამის უკან გაცილებით უფრო მძიმე და ბოროტი თემა დევს, რაც ქვეყნის საზარბაზნე ხორცად გადაქცევას ითვალისწინებს იმ რეალობაში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“.
