ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში – ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა “ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.
გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – “ფულის გათეთრებაში”, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებოდნენ. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.
