დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ზაფხულში ერთობლივად უმასპინძლებენ აშშ, მექსიკა და კანადა.
მისი კომენტარი ხუთშაბათს გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო, შესაძლოა, ტურნირში მონაწილეობა არ მიიღოს.
ტრამპმა სოციალურ ქსელში თავდაპირველად დაწერა, რომ ირანის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე “მიესალმება”, თუმცა, მისი აზრით, შესაძლოა მათი მონაწილეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყოს სწორი. მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება თავად მოთამაშეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხსაც შეეხოს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ირანის ეროვნული გუნდის ოფიციალურმა Instagram-გვერდმა ტრამპის განცხადებას სწრაფადვე უპასუხა. მათ აღნიშნეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არის ისტორიული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც მართავს FIFA და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყანა. განცხადებაში ასევე კრიტიკა გამოითქვა იმის გამო, რომ ტრამპმა ირანის ნაკრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ მკაფიო გარანტიები არ წარმოადგინა. პოსტში ნათქვამია, რომ ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამორიცხვა არავის შეუძლია და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება პრობლემები ჰქონდეს, არის მასპინძელი, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მონაწილე გუნდების უსაფრთხოებას.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება. ირანის ჯგუფური ეტაპის თამაშები დაგეგმილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოს-ანჯელესის რეგიონსა და სიეტლში. ჯგუფში ირანის მეტოქეები უნდა ყოფილიყვნენ ახალი ზელანდია, ბელგია და ეგვიპტე.
თუ ირანი საბოლოოდ არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს FIFA. ტურნირის წესების მიხედვით, თუ რომელიმე ასოციაცია ტურნირს დატოვებს ან გამოირიცხება, FIFA-ს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, რა ქმედება იქნება საჭირო. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის ნაკრების დამატება. მაგალითად, აზიის კონფედერაციაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდი, რომელიც ტურნირში ვერ მოხვდა. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ირანის ჯგუფში თამაშები სპეციალური წესებით ჩატარდეს და ოთხის ნაცვლად სამი გუნდი დარჩეს.
