სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, მსჯავრდებული პირის, ირაკლი დიასამიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხულია ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ირაკლი დიასამიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ირაკლი დიასამიძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც დაზარალებულების ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით.
ირაკლი დიასამიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარი და 18 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. იგი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში. 2011 წლის 13 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ირაკლი დიასამიძეს სასჯელის სახით დაენიშნა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 და 64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით.
ხელახალი გამოძიების პროცესში საქმეზე ჩატარდა კომპლექსური-საკომისიო სამედიცინო, ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტიზას პასუხის გასაცემად დაესვა დეტალური კითხვები, რაც არ ყოფილა გამოკვლეული მსჯავრდების საქმის გამოძიების პროცესში.
ჩატარებული სრულყოფილი ავტოტექნიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ირაკლი დიასამიძეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული და მის ქმედება არ იყო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, რის გამოც პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდადებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ირაკლი დიასამიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
