საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს – პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ყალბი „ფეისბუქ“ გვერდით სარგებლობდნენ, დაზარალებულისგან მოიპოვეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მათთვის 1000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს.
უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით, აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელ “ფეისბუქის” აპლიკაცია “მესენჯერის” მეშვეობით უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს
გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” – წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
