დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა. 107 ოჯახი დარწმუნებულია, რომ მეწყრული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს ძლიერმა აფეთქებებმა გამოიწვია. დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და კობახიძის განკარგულების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მათთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა განისაზღვრა. გენერალური პროკურატურისგან კი მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრული პროცესები.
„ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ. ამიტომ ასეთი სტატუსი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია – დარწმუნებულები ვართ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია… ჩვენ რკინიგზის მშენებლობის გამო დაზარალებულები ვართ. ამიტომ უნდა აღიწეროს ყველაფერი – საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი სავარგულები და საკომპენსაციო თანხაც ამის მიხედვით განისაზღვროს. 112 დაზარალებული ოჯახიდან მხოლოდ ხუთმა მოაწერა ხელი, რომ ეკომიგრანტია და გამოყოფილ 30 ათას თუ 50 ათას ლარს მიიღებს. არავინ იფიქროს, რომ ფულის გულისთვის ვდავობთ. ჩვენთვის მთავარია, სიმართლე დადგინდეს.
სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოკითხვაზეც ვიყავით. დაგვპირდნენ, რომ საქმეს ადგილზე შეისწავლიან და სოფელში მოვლენ. სასამართლოსა და პროკურატურაში თუ ვერაფერს მივაღწიეთ, აუცილებლად საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ. ტყუილს სიმართლედ არავის გავასაღებინებთ“ – ამბობს ადგილობრივი მარადი გელაშვილი გამოცემასთან “ჩემი ხარაგაული”.
