“აუხდენელი ოცნებების და სურვილების სია” – ასე მოიხსენიებს “ოცნების” დეპუტატი ლევან მახაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშს. მისი თქმით, ანგარიშში ახალი არაფერი თქმულა და იგი მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების „ენციკლოპედიურ კრებულს“ წარმოადგენს.
მახაშვილი ასევე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქმის შესაძლო გადაგზავნას „ღიმილისმომგვრელს“ უწოდებს.
“ეს არის აუხდენელი ოცნებების და სურვილების სია. ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს მისი მანდატი არ არის, მათ შეიძლება, გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი, დიალოგის მექანიზმი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში გადამისამართება.ამიტომ ცალსახად ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა.
რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რაზე არის საუბარი ამ დოკუმენტში, ამას ვამბობ, რომ აქ ახალი არაფერი თქმულა. გასული ორი წლის მანძილზე თუ რამე ბრალდება გვსმენია საქართველოს მიმართ, სწორედ ამ ბრალდებების ენციკოლოპედიური კრებულია – იგივე სიტყვები, იგივე შეფასებები. თუ ვინმეს აქვს რაიმე, კი, ბოტონო, წაიღონ სადაც უნდათ, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ჩვენი სიმართლის დასაცავად, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ვინმემ ამის საფუძველზე, სადმე ჰააგაში ან სადმე საქმე წაიღოს, ღიმილისმომგვრელია” – ამბობს მახაშვილი.
