ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნის საქმეზე ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საჩივარი შეიტანა ლიეტუვამ, რომელსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვს. საჩივარში საუბარია ბელარუსიდან ლუკაშენკოს ოპონენტების დეპორტაციაზე. ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთი ოპონენტი მეზობელ ლიეტუვაში გააძევა. 12 მარტს გამოცხადებული გამოძიების დაწყებამდე, ICC-ის პროკურატურამ წინასწარ შეამოწმა. პროკურატურის თანახმად, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები მიმართული იყო ლუკაშენკოს რეალური, ან სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ და დიდი მასშტაბის, მსხვერპლთა რიცხვისა და ორგანიზებული მოქმედების გათვალისწინებით, ჩადენილი იყო სამოქალაქო მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და სისტემატური დევნის ფარგლებში.
ICC-ის პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია. მისი განცხადებით, ასეულობით ათასი ბელარუსელი დაზარალდა და ისევ ზარალდება რეჟიმის მოქმედებების გამო და ლუკაშენკოს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ბელარუსის მეზობლებსაც.
