თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას არ ესწრება ოთხი ბრალდებული: გოჩა ყატაშვილი, დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე და კონსტანტინე კოკაია.
საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი იხილავს.
პროცესზე უკვე დაიკითხა სასახლის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც დეტალურდ ისაუბრა იმ საღამოს მომხდარის შესახებ.
“დილის 9 საათზე მივედი სამსახურში და გადავიბარე ცვლა. საღამოს საათებში ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები რეზიდენციის მიმართულებით მოდიოდნენ, რის შემდეგაც შესაბამისი ზომები მივიღეთ.
დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის ეზოს ჭიშკარს ბოქლომი დავადეთ. ცოტა ხანში მოვიდნენ აქციის მონაწილეები და აგრესიულად იქცეოდნენ. გვაგინებდნენ, გვბლანძღავდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს გვეძახდნენ.
მალევე დაიწყეს ჭიშკრის ჯანჯღარი, შემდეგ გადმოვიდნენ ღობეზე და რამდენიმე წუთში ეზოშიც შემოვიდნენ. ეს იყო პირველი შეტაკება.
გვირტყამდნენ წიხლებს. ფაქტობრივად, ეზოში შემოიჭრნენ და ფეხებს მირტყამდნენ. ამ დროს თავს ვიცავდი.
შემოჭრილები ეზოში გადაადგილდებოდნენ. ვეცადეთ, ჩვენი ძალებით შეგვეწინააღმდეგებინა, თუმცა უშედეგოდ.
ერთ-ერთ თანამშრომელს სახეში დაარტყეს, ხოლო ჩემს უფროსს ზურგში ჯოხი მოარტყეს. ასევე ისროდნენ ქვაფენილის ქვებს და დროშის ტარებსაც იყენებდნენ, – ამბობს სასახლის დაცვის თანამშრომელი.
