საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაბული ქვეყნებიდან სამშობლოში საქართველოს 558 მოქალაქე დაბრუნდა- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან 4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა.
კობახიძის ინფორმაციით, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე.
“საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში – ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში – ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.
4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულად დაფინანსებული იყო სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
