შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
