ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სარწყავი წყლის საფასურის სუბსიდირების პროგრამა პირველი აპრილიდან დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) – 0,0354 ლარს; 2026 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებისთვის წყალმომხმარებელი გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხული წყლის საცალო მიწოდების საფასურს ერთწლოვანი კულტურებისთვის წელიწადში 116.5486 ლარამდე ოდენობით ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანებისთვის – 102.0110 ლარამდე ოდენობით.
„სუბსიდირება გამრიცხველიანებულ მომხმარებლბზეც ვრცელდება (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა): თუ ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე მათ 116.5486 ლარზე მეტი დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ სახელმწიფო დაუსუბსიდირებს 349.6458 ლარს ერთ ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი; თუ მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე 102.0110 ლარზე მეტი დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო დაუსუბსიდირებთ 306.03 ლარამდე ოდენობის თანხას ერთ ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი; ის წყალმომხმარებლები კი, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, გადაიხდიან გამოყენებული წყლის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20 პროცენტს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს ერთ ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი კი სუბსიდირებას დაექვემდებარება“, – აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
