შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ა. ბათუმში დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „ექსტაზი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
