“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი და ფსიქოლოგი ბელა ალანია სოციალურ ქსელში ძვირფასი ადამიანი გარდაცვალების შესახებ წერს:
“ჩემი უძვირფასესი მადონა ბიცოლა წავიდა და მის გარეშე უნდა მივეჩვიო ცხოვრებას. ხშირად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მეგულებოდა იმედად, ჩემზე მლოცველად და მისი არსებობა მაბედნიერებდა. შეუფასებელია მისი ამაგი, სითბო და სიყვარული. დაუვიწყარია მასთან ერთად გატარებული ბედნიერების წლები, რომლებმაც ასე გაააფერადა ჩემი ცხოვრება.
წავიდა და თან წაიღო ჩემი ბავშვობის უდარდელობა.
მოგონებები ჯვარში გატარებულ დღეებზე სულ იცოცხლებს და დამაბრუნებს განუმეორებელ ბავშვობაში.
ჯვარის ნომერ 2 საბავშვო ბაღს, მის აღზრდილებს, რომელსაც მრავალი წელი ხელმძღვანელობდა ბიცოლა, ვფიქრობ, დიდხანს ეხსომებათ და მოინატრებენ მის უშურველ სითბოს და სიყვარულს.
მადონა ჭანტურია იყო პროფესიონალი და ბუნებით მართლაც ყველას დედა, სანთელივით სუფთა ადამიანი, იშვიათი ინტელექტუალი, შინაგანი კეთილშობილებით დაჯილდოებული უფლისგან.
მერე იყო სოხუმში დაკარგული საცხოვრისი, ლტოლვილის ტკივილიანი წლები… მაგრამ მუდამ ოპტიმისტი, მუდამ მომღიმარი, აუღელვებელი, მშვიდი…
არასოდეს დამავიწყდება: ჩემს თმებში ჩარჩენილი მისი თითების სითბო… ზღაპრები, რომელსაც მიკითხავდა ზაფხულის არდადეგებზე სტუმრობისას, ჩემთვის სპეციალურად დამზადებული სადილების გემო, ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის გვერდით, დაბა ჯვარში, გატარებული წლები ჩემთვის სულ ენთება, როგორც ციცინათელები წკვარამ ღამეში… და ზღურბლთან მადონა ბიცოლა სულ შემომძახებს: ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ჩემო კუდრაჭა გოგო…შემომძახებს და ყოველთვის გავიგონებ, გავიგონებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ასეთი ადამიანები გვაძლებინებდნენ, ეს საოცარი, განუმეორებელი თაობა იყო.
ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით მათნაირები… რა ძნელია იპოვო ასეთი გულშემატკივარი, ვისაც კალთაში შეგიძლია თავი ჩაუდო, ვინც გულში ჩაგიკრავს, ჩაგიხუტებს და შენს ტკივილს თუ სიხარულს და მთელ ცხოვრებასაც გაითავისებს… მშვიდობით ჩემო მფარველო, კეთილო, მადონა ბიცოლა! მიყვარხარ და მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას.
მსუბუქი იყოს ჯვარის მიწა შენთვის და ანზორი ბიძიასთვის. მშვიდად განისვენეთ!შეხვედრამდე…” , – წერს ბელა ალანია “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.