ე.წ. ტროტუარის საქმეები – საქალაქო სასამართლოში დღეს რამდენიმე პროცესია ჩანიშნული. სამოქალაქო აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებენ. ერთ-ერთი, ვისი პროცესიც ცოტა ხანში უნდა დაიწოს, დუტა ჯავახიშვილია.
სამოქალაქო აქტივისტს 7 თებერვლის ეპიზოდს ედავებიან. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე მანუჩარ ცაცუასგან ობიექტური გადაწყვეტილები მოლოდინი არ აქვს.
“დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი ვარ 7 თებერვლის საქმეზე, რა დროსაც მიმდინარეობდა მარში და მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. როგორც საზოგადოებამ იცის, მე ვარ მარშის ერთ-ერთი ხმა და ვცდილობ, როდესაც მარში ბრუნდება, მალევე მოვუწოდო ადამიანებს, რომ გზის სავალი ნაწილი დატოვონ და ტროტუარზე გადმოვიდნენ. თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ. სავარაუდოდ, მოსამართლე ცაცუა ჩემს მიმართ გამოიყენებს დაკავებას”, – ამბობს დუტა ჯავახიშვილი.
ასევე სასამართლოს ვერდიქტს ელოდება ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი, რომელსაც 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებიან. ის თითქმის ყოველდღიურად აშუქებს აქციებს. თარხნიშვილის თქმით, ასევე სულ აქვს პრესის ნიშანი, თუმცა შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მაინც დაიწყო.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული ე.წ ტროტუარების საქმეებზე სასამართლომ 30-მდე მოქალაქე ცნო სამართალდამრღვევად: ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.
