“ოცნების“ ლიდერების ვიზიტი ვაშინგტონში დასრულებულია – ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სამხარაძის შეხვედრები “დერეფანებში“ არაფრის მომტანია და შეუძლებელია, რაიმე სახის კომუნიკაცია აღდგეს იმ ფონზე, როცა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო გადაიქცა ირანის და რუსეთის მოკავშირედ.
ენმ-ის ლიდერი, ხატია დეკანოიძე სამხარაძეს “პოლიტიკურად არაფრის მაქნის პიროვნებად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი შეხვედრები შედეგს ვერ მოიტანს.
“სამხარაძის პოლიტიკურად არაფრის მაქნისი და არაფრის გამომსხივებელი პოლიტიკოსის შეხვედრა დერეფნებში, ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენ დაგვაკარგინეს, არაფერს ნიშნავს. როგორ შეიძლება რაიმე სახის სტრატეგიული კომუნიკაცია არდგეს, როდესაც, საქართველო ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში გადაიქცა ირანის და რუსეთის მოკავშირედ. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი შემოდის შავ ზღვაში, რუსული ნავთობით ვაჭრობს ივანიშვილის დავალებით, მათ შორის ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონიდან რაიმე პოზიტიური სიგნალის მიღება შეუძლებელია, რადგან ივანიშვილი საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის გაღრმავებას აგრძელებს.
“პოლიტიკას გნასაზღვრავს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც შეეხება “ოცნებასთან“ ურთიერთობებს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ “ოცნებამ“ იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ სურს რეალურად ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ იმ ავტოკრატიული რეფორმების “შეჩერებას“, რომლითაც ივანიშვილი დაკავებულია, უკვე რამდენიმე წელიწადია. ივანიშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააგრძელოს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაღრმავება და ამის პარალელურად ელოდებოდეს, რომ რაიმე პოზიტიურ სიგნალს მიიღებს ვაშინგტონიდან, ეს კი ობიექტურად შეუძლებელია, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
