ირანზე თავდასხმებიდან რამდენიმე დღეში ნავთობისა და გაზის ობიექტები მთელ ახლო აღმოსავლეთში დაიხურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კერძოდ, საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ გადამამუშავებელ ქარხანა Ras Tanura-ში მუშაობა დრონის დარტყმის შემდეგ შეაჩერა. Ras Tanura-ს კომპლექსი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის სიმძლავრე დღეში 550 000 ბარელია. ის საუდის არაბეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან საექსპორტო ნავთობტერმინალს წარმოადგენს.
ერაყის ქურთისტანში, რომელიც თებერვალში თურქეთის პორტ ჯეიჰანის მიმართულებით მილსადენით დღეში 200 000 ბარელ ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, კომპანიებმა სიფრთხილის მიზნით თავიანთ საბადოებში წარმოება შეაჩერეს. მათ შორის არიან კომპანიები, DNO, Gulf Keystone Petroleum, Dana Gas და HKN Energy. ობიექტების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ისრაელის მთავრობამ Chevron-ს უბრძანა, ქვეყნის სანაპიროსთან მდებარე გიგანტურ ლევიათანის საბადოზე წარმოება დროებით შეაჩეროს, სადაც კომპანია ამჟამად სიმძლავრეს წელიწადში, დაახლოებით, 21 მლრდ კუბურ მეტრამდე აფართოებს. ეს ეგვიპტესთან 35 მლრდ დოლარის საექსპორტო კონტრაქტის ფარგლებში ხდება.
თავად ირანში 28 თებერვალს აფეთქებები გაისმა ხარკის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობექსპორტის 90% გადამუშავდება. გაურკვეველია, რა ზიანი მიადგა ამ ობიექტებს.
ირანი OPEC-ის სიდიდით მესამე მწარმოებელი ქვეყანაა, რომელიც გლობალური ნავთობმიწოდების, დაახლოებით, 4.5%-ს უზრუნველყოფს. მისი ნედლი ნავთობის წარმოება დღეში, დაახლოებით, 3.3 მლნ ბარელს, ხოლო კონდენსატისა და სხვა სითხეების – 1.3 მლნ ბარელს შეადგენს.
Reuters-ის წყაროს ცნობით, Saudi Aramco-ს გადამამუშავებელ Ras Tanura-ში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზრებზე მიწოდება უცვლელია. თუმცა, Reuters-ის შეფასებით, გემებზე თავდასხმებისა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების შეწყვეტის შემდეგ Ras Tanura-ს ქარხნის დახურვა მიწოდების შესახებ შეშფოთებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 83.33 დოლარია, მაშინ, როცა გუშინ 78.06 დოლარი ღირდა.
ჩრდილო-ამერიკული WTI-ის ნავთობის ფასი ბარელზე 71.54 დოლარიდან 76.36 დოლარამდე გაძვირდა.
ევროპაში გაზის Dutch TTF-ის გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 750 დოლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა გუშინ 484 დოლარს შეადგენდა.
